თამბაქოს ძირითად მოქმედ საწყისს წარმოადგენს ნიკოტინი. ნიკოტინი – ფრანგი დიპლომატის ჟან ნიკოს გვარის მიხედვით, რომელმაც 1560 წელს პირველად შეიტანა თამბაქო საფრანგეთში, – წარმოადგენს ალკალოიდს, რომელიც არის თამბაქოს ფოთლებსა და თესლში. ერთი ცალი სიგარეტი ჩვეულებრივ შეიცავს 10-15 მგ ნიკოტინს. იგი მეტად ძლიერი შხამია, რომელიც უპირატესად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, საჭმლის მონელებაზე, სასუნთქ და გულსისხლძარღვთა სისტემებზე.
თამბაქოს კვამლის შემადგენელი კომპონენტები შეიწოვება სისხლში და ვრცელდება მთელს ორგანიზმში. შესუნთქვიდან ორი-სამი წუთის შემდეგ ნიკოტინი აღწევს თავის ტვინის ქერქის უჯრედებში და დროებით ამაღლებს მათ აქტიურობას. ერთდროულად ხანმოკლე დროით ფართოვდება ტვინის სისხლძარღვები, ამის შედეგად სუბიექტურად აღიქმება დამშვიდებისა და შრომისუნარიანობის მომატების შეგრძნება, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ეს გრძნობა ქრება, რასაც საფუძვლად უდევს ტვინის სისხლძარღვების შევიწროება და მათი აქტიურობის დაქვეითება. კვლავ ჩნდება თამბაქოს მოწევის სურვილი და კვლავ მეორდება აღნიშნული მდგომარეობა. ასე ჩამოყალიბდება თამბაქოს წევის ჩვევა.
თამბაქოს წევის პროცესი მშრალი გამოხდაა მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით, რომელიც სიგარეტის ანთებულ ბოლში 3000ს აღწევს. თამბაქოს მწეველის მიერ შესუნთქული კვამლი ახდენს თამბაქოდან ნიკოტინის გადადენას. ნიკოტინი სწრაფად იხსნება წყალში, ამიტომ ადვილად შეიწოვება პირისა და ცხირის ღრუს ლორწოვანიდან, ხოლო პირის ღრუდან ნერწყვთან ერთად, კუჭში გადასული, შეიწოვება აგრეთვე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლიდან.
ერთ სიგარეტსაც კი ორგანიზმისთვის ზიანი მოაქვს. გამოანგარიშებულია, რომ ადამიანის ორგანიზმში ნიკოტინის რამდენიმე წვეთის (100-200 მგ. ე.ი. იმ რაოდენობის, რომელსაც შეიცავს 200 გ. თამბაქო) შეყვანამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს. ნიკოტინის სასიკვდილო დოზაა ერთი მილიგრამი ერთ კილოგრამ მასაზე, ე.ი. 50-70 მილიგრამი მოზარდისათვის. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები, რომ მოზარდი ორგანიზმი, მოზრდილთან შედარებით ორჯერ მეტად არის ნიკოტინისადმი მგრძნობიარე. ნიკოტინით მოწამვლის ნიშნებია: ნერწყვის გამოყოფა, გულის რევა, კანის საფარველის გაფერმკრთალება, სისუსტე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, მაჯის აჩქარება და სხვა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თამბაქოს წევისას ადამიანი ეჩვევა ნიკოტინს, ხანგრძლივი წევის ან თამბაქოს მტვრის სისტემატური ჩასუნთქვის შედეგად (მაგალითად, თამბაქოს ქარხანაში მომუშავეებში) ვითარდება ნიკოტინიზმი – ნიკოტინით მოწამვლა.
Комментариев нет:
Отправить комментарий